
26 მაისი საზეიმოდ აღინიშნა ახალქალაქში. ახალქალაქის ცენტრალურ პარკში შეკრებილ მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილე დავით ვარდიაშვილმა და ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა მიულოცეს. საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, მთელი დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრში მოწყობილი იყო სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი სივრცე, მრავალფეროვანი და საინტერესო კომპონენტებით, მათ შორის, თემატური სტენდებით და შემეცნებითი გამოფენებით, სპორტული აქტივობებით, როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის.
ადგილობრივებისთვის მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, კონკურსები, საბავშვო სპექტაკლები და შოუები გაიმართა. მოეწყო თემატური ინსტალაციები, ფოტოზონები, პავილიონები, მოსასვენებელი სივრცეები და ხელნაკეთი ნივთების გამოფენები. ასევე, მოქალაქეებს ადგილზე თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენის დათვალიერების შესაძლებლობა ჰქონდათ.
ქალაქის ცენტრში შეკრებილთათვის კონცერტი გამართეს ადგილობრივმა შემსრულებლებმა, ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა. ღონისძიებამ კულმინაციას 17 საათსა და 10 წუთზე მიაღწია, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათ შორის, ახალქალაქშიც საქართველოს ჰიმნი საზეიმოდ შესრულდა. პერფორმანსების თანხლებით ჰაერში ფერადი ფოიერვერკი და ათასობით ჰელიუმის ბუშტი გაუშვეს.
საღამოს დაგეგმილ კონცერტზე კი ნოდიკო ტატიშვილმა, სოფო გელოვანმა, მარიამ მამისმედაშვილმა, დათუნა მგელაძემ და დუეტმა ჯორჯიამ იმღერეს.

