მუნიციპალიტეტის ისტორია

მუნიციპალიტეტის ისტორია

ახალქალაქის ისტორია 

არქეოლოგიური მონაცემებით ახალქალაქში ადამიანს უძველესი დროიდან უცხოვრია. 1960 წელს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი გ. გრიგოლია) შეისწავლა აშელის ზედა საფეხურის ღია ტიპის სადგომები, ე.წ. ახალქალაქი I, რომელიც მდებარეობს ქალაქის სამხრეთით 1 კმ-ზე, მდინარე ფარავნის მარცხენა ნაპირას, 15 მ. სიმაღლის ტერასაზე და ახალქალაქი II, რომელიც მდებარეობს ქალაქის სამხრეთ-დასავლეთით 1,5 კმ-ზე, მდინარე მურჯახეთისწყლის მარჯვენა ნაპირის 10-12 მ. სიმაღლის ტერასაზე. მიწის ზედაპირზე შეგროვებულია ანდეზიტისა და ბაზალტისგან ნაკეთები ხელცულები, საჩეხი იარაღები, სახოკები, ნუკლეუსები და ანატკეც-ანამტვრევები.

მდინარეე ფარავნისა და მურჯახეთისწყლის შესართავებს შორის მოქცეულ კონცხზე, თანამედროვე ახალქალაქის ჩრდილო-დასავლეთით არსებობდა წინარეანტიკური პერიოდის დასახლება. ადრე შუა საუკუნეების ბოლოს კონცხის ჩრდილოეთით იყო სოფელი.შემორჩენილია თლილი ქვით მოპირკეთებული საყდრის ნანგრევები. აქ 1968-1969 წლებში გაითხარა ქვითა და თიხით ნაშენი სახლები, პირუტყვის სადგომები, კერები, თიხის ჭურჭელი და სხვ.

IX-X საუკუნეებში სოფელი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ქალაქად გადაიქცა. X საუკუნიდან ახალქალაქი ჯავახეთთან ერთად საუფლისწულო მამული იყო. მირაშხნის წარწერა გვამცნობს 1064 წელს ალფ-არსლანის საქართველოში შემოსევის, ფარსმან თმოგველისა და მესხი აზნაურების ახალქალაქის გმირული დაცვის შესახებ:

 

XI საუკუნეში ჯავახეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური ცენტრი გახდა, შეცვალა რა წუნდა, იყო ვაჭროებისა და წარმოების მნიშვნელოვანი კერა. ქალაქის გამაგრება-შემოზღუდვა დაიწყო XI საუკუნეში ბაგრატ III-ის დროს და დასრულდა ბაგრატ IV-ის დროს. დღემდეა შემორჩენილი ძველი ქალაქის დაზიანებული ქვის მაღალი და სქელი გალავანი, რომელსაც მთავარი კარიბჭე დატანებული ჰქონდა სამხრეთ-აღმოსავლეთით, ციხე-კოშკები, ტაძრისა და ქარვასლის ნანგრევები, 2 ეკლესიის საძირკველი. არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა X-XIII საუკუნეების ხელოსანთა უბნის ნაშთები (ზეთსახდელი გელაზები და სხვ.), მოჭიქული და მოუჭიქავი თიხის ადგილობრივი ჭურჭელი, მინის საგნები, მონეტები.

 

XI საუკუნის 60-იან წლებში იგი ალფ-არსლანის ურდოებმა ააოხრეს. XIII საუკუნეში ქალაქი გადაწვეს მონღოლებმა. XV საუკუნეში ახალციხეს დაეპატრონენ სამცხის ჯაყელები. 1538 წელს ახალქალაქი იქცა ბაგრატ III იმერთა მეფესა და ყვარყვარე ათაბაგს შორის ბრძოლის ასპარეზად. ქალაქი ძლიერ დაზიანდა. XVI საუკუნის 50-იან წლებში ახალქალაქი აიღეს შაჰ-თამაზის ურდოებმა. XVI საუკუნის ბოლოს ახალქალაქი დაიპყრო ოსმალეთის იმპერიამ და იგი ჩილდირის საფაშოს შემადგენლობაში სანჯაყის ცენტრად აქცია. დანგრეული ქალაქი აღადგინა XVII საუკუნეში შავშეთის ბეგმა. XVIII საუკუნის 70-იან წლებში ერეკლე II-მ რამდენჯერმე სცადა ახალქალაქის გათავისუფლება.

1811 წელს ახალქალაქი რუსეთის იმპერიამ აიღო, მაგრამ 1812 წელს ბუქარესტის ზავის თანახმად კვლავ ოსმალეთს დაუბრუნა. 1828 წლის 22 სექტემბერს, რუს-ქართველთა სამხედრო ნაწილებმა გენერალ ი. პასკევიჩის მეთაურობით ქალაქი აიღეს.. 1829 წლის ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულებამ დაადასტურა მისი მიერთება რუსეთის იმპერიის მიერ. შეერთების შემდეგ რუსეთის მთავრობამ მაჰმადიანი ქართველები გაასახლა ოსმალეთში და მათ ადგილზე სომხები დაასახლა. 1874 წელს ახალქალაქი სამაზრო ქალაქად იქცა. 1892 წელს ახალქალაქმა საქალაქო თვითმმართველობის უფლება მიიღო. 1918 წელს რამდენიმე თვით ახალქალაქი კვლავ ოსმალეთის იმპერიამ აიღო.

საბჭოთა პერიოდში ქალაქში განვითარდა კვების მრეწველობა, მოქმედებდა ყველ-კარაქის, რძის და ლუდის ქარხნები, გაიხსნა კინოთეატრი, მუზეუმი და საავადმყოფო.

 

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights